ნამუშევრები და გამოფენები
გივი ვაშაკიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს დაზგური ფერწერისა და გრაფიკის ნაწარმოებებს, ასევე ფანქრით, ტუშით, კალმით, აკვარელითა და გუაშით შესრულებულ მრავალრიცხოვან ჩანახატებსა და ესკიზებს. მის ნამუშევრებში შედის კომპოზიციები, პორტრეტები, ნატურმორტები, ცხოველთა გამოსახულებები და პეიზაჟები.
აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა მხოლოდ 1977 წელს შედგა. შემდგომში მისი ნამუშევრები გამოიფინა მოსკოვში (1989), მიუნხენში (1989-1990, 1996), ბერლინში, ტიროლში (1991), ბაქოში და რიგაში (1979). 1987 წელს მას თბილისის მხატვრის სახლშიც ჰქონდა პერსონალური გამოფენა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნამუშევრები "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები, რომლებსაც 1966 წლიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა. მან 122 ასეთი ილუსტრაცია შექმნა, რომლებიც 2021 წელს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა. ეს იყო მხატვრის დიდი სურვილი, რომელიც სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერ მოესწრო.