15% ფასდაკლება. პრომოკოდი XMAS15
15% ფასდაკლება. პრომოკოდი XMAS15
დახმარება Phone
Messenger
WhatsApp

a-journal

უორჰოლი, ბასკია და მეგობრობა, რომელმაც შეცვალა ხელოვნება

by Nini Lekishvili

ენდი უორჰოლისა და ჟან-მიშელ ბასკიას ურთიერთობა ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ და მისტიკურ მეგობრობადაა აღიარებული. დღეს ამ ორ არტისტს მეოცე საუკუნის ყველაზე ინოვაციურ და გავლენიან მხატვრებად ასახელებენ, მათი ნამუშევრები ათობით მილიონ დოლარად იყიდება და რუტინულად ამხვრევს აუქციონთა რეკორდებს.

თუმცა, ადრეულ 1980-იან წლებში ისინი სრულიად განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობდნენ. ბასკია ქარიზმატული გრაფიტის არტისტი იყო, რომელიც ნიუ-იორკის ხელოვანთა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას იწყებდა, უორჰოლი კი საერთაშორისოდ ცნობილი სელებრითი იყო, რომელსაც უკვე შექმნილი ჰქონდა Pop-Art-ის საკულტო ნამუშევრები. 22 წლის ბასკიამ და 54 წლის უორჰოლმა საოცრად დინამიური კოლაბორაციით 150-ზე მეტი ნამუშევარი შექმნეს და მსოფლიოს თავი სამუდამოდ დაამახსოვრეს.

გაცნობა

ორ მხატვარს ერთმანეთი 1982 წლის 4 ოქტომბერს გააცნო უორჰოლის მეგობარმა, ხელოვნებით მოვაჭრე ბრუნო ბიშოფბერგერმა. ბიშოფბერგერთან შეთანხმების საფუძველზე, უორჰოლს უნდა დაეხატა ახალგაზრდა არტისტები, სანაცვლოდ კი ამ არტისტების ნამუშევრებს მიიღებდა. იმ საღამოს უორჰოლმა ბასკიასთან ერთად საერთო პოლაროიდის ფოტო გადაიღო. უორჰოლის გეგმის მიხედვით, ლანჩის შემდეგ ამ პოლაროიდის მიხედვით უნდა დაეხატა ბასკიას პორტრეტი, თუმცა ახალგაზრდა მხატვარი ლანჩიდან საერთო ფოტოსთან ერთად გაუჩინარდა და, როგორც უორჰოლი თავის დღიურში წერს, ორ საათში დაბრუნდა იმ ნახატით, რომელიც ხელოვნების მოყვარულთათვის უკვე ძალიან ნაცნობია.
ნოვატორმა ბასკიამ და ქარიზმატულმა უორჰოლმა აღმოაჩინეს, რომ ერთად ნაყოფიერად მუშაობდნენ და ბიშოფბერგერის დაკვეთით მესამე მხატვართან, ფრანჩესკო კლემენტესთან ერთად 15 ნამუშევარი შექმნეს.

მეგობრობად ქცეული კოლაბორაცია

მიუხედავად იმისა, რომ უორჰოლი დიდი ხნის განმავლობაში იყო შთამაგონებელი არტისტი, მოაზროვნე და კულტურული გავლენა ბასკიასთვის, ახალგაზრდა მხატვარი კოლაბორაციისას მას კრეატიული თანასწორივით უდგებოდა. “ჟან-მიშელთან ერთად ხატვა მარტივი არ ყოფილა,”- იხსენებდა არტისტი კით ჰარინგი, “უნდა დაგევიწყებინა ყოველგვარი პრეტენზია კუთვნილებაზე. მას შეეძლო, შენს მიერ შექმნილი ნახატი წამებში გადაეღება და შეეცვალა.”

უორჰოლმა ბასკიას კომპლექსური ხასიათი გამოწვევად მიიღო.

“ჟან-მიშელმა სრულიად სხვანაირად დამაწყებინა ხატვა”


წერდა ის თავის დღიურში.

20-წლიანი მექანიკური პრინტინგის ტექნიკის გამოყენების შემდეგ, უორჰოლმა ბასკიას გავლენით კვლავ ხელით ხატვა დაიწყო. ერთად მუშაობამ ორი არტისტი დაამეგობრა. როგორც უორჰოლის ასისტენტი, რონი კუტრონი ამბობს, “ისინი ერთად ვარჯიშობდნენ, ჭამდნენ, იცინოდნენ. მათი ურთიერთობა ხელოვანთა გიჟურ ქორწინებას ჰგავდა. ჟან-მიშელს ეგონა, რომ ენდის დონის ცნობადობა სჭირდებოდა, ენდის აზრით კი მის ხელოვნებას ჟან-მიშელის სახით ახალი სისხლი გადაარჩენდა. ბასკიამ ენდის მეამბოხის იმიჯი დაუბრუნა.”

როცა ბასკიამ თავბრუდამხვევი კარიერული წარმატებების მიღწევა დაიწყო, უორჰოლი მისთვის მამობრივ ფიგურას წარმოადგენდა. რაც უფრო წარმატებული ხდებოდა, ბასკიასთვის უფრო რთულდებოდა ცნობადობასთან დაკავშირებულ ცდუნებებთან, დიზაინერთა ტანსაცმელში ფულის ფლანგვასთან, დაუსრულებელ წვეულებებთან და ნარკოტიკებთან გამკლავება. უორჰოლი აქტიურად ცდილობდა, რომ ახალგაზრდა მხატვარი ნარკოტიკების დამღუპველი გავლენისგან გადაერჩინა და ურჩევდა,რომ რაციონალური ფინანსური გადაწყვეტილებები მიეღო, მათ შორის, ადრეული ნახატები არ გაეყიდა და სამომავლოდ უსაფრთხოების გარანტად შემოენახა.

საერთო გამოფენა

1985 წლის შემოდგომაზე ორმა მხატვარმა 16 საერთო ნამუშევარი წარადგინა ქვედა მანჰეტენის ერთ-ერთ გალერეაში. ხელოვნების სამყარომ გამოფენა ნეგატიურად შეაფასა. New York Times-მა კოლაბორაციას უორჰოლის ერთ-ერთი მანიპულაცია, ბასკიას კი მისი ნებაყოფლობითი აქსესუარი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ უორჰოლმა შეფასება ამაყად მიიღო, ბასკიას თვითშეფასებაზე მასიურმა კრიტიკამ მძიმე შედეგი იქონია.
მათი კოლაბორაცია დასრულდა, მეგობრობა კი ნაკლები ინტენსიურობით გაგრძელდა, მანამ, სანამ ბასკიას კარიერა კიდევ უფრო ბრწყინვალე ხდებოდა.

1987 წლის თებერვალში უორჰოლი ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდგომი გართულების შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა. 18 თვის შემდეგ, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა ბასკიაც. ამის შემდეგ ორივე არტისტის რეპუტაცია უფრო და უფრო ლეგენდარული ხდება. ორივე მათგანს მიეძღვნა წიგნები, ფილმები და უმნიშვნელოვანესი მუზეუმების გამოფენები. მათი გავლენა დღევანდელ ხელოვნებასა და პოპ კულტურაზე ცალსახაა - როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე, ჟან-მიშელ ბასკია და ენდი უორჰოლი მეოცე საუკუნის საკულტო ნამუშევრების ავტორები არიან, რომელთა რელევანტურობა დროის გამოცდას მუდამ აბარებს.


დაათვალიერე კოლექციები

ჟან-მიშელ ბასკია
ენდო უოწრჰოლი
Made on
Tilda